Poems

ჩვენი ბრაილი

იასამნისფერ,

წითელ,
ყვითელ,
მწვანე, ოქროსფერ
ფერებს ითხოვდეს,
მეტრო – მეტრო დამათხოვრობდეს
(ჩემი ძველი ლექსიდან)
(ზაზას, რომელიც ხედავს
და ყველა უსინათლოს)
თეთრი – ეს უფრო ბგერა არის – ალბათ ფლეიტა,
ფლატეა, ფრთხილად, ციცაბოა, არ გადაქანდე
– სუსხის ბგერები გვესობიან –
განა ბეღურებს – ჭრელ თუთიყუშებს გვიქანავებს
ყინვის ქანდარა –
ჩემი მეზობლის ოცი კატა – მთელი ორკესტრი
კნავის – ეს უკვე ყვითელია, მთვარე სავსეა
ჩვენი ელექტროყვავილებით – სახლების შუქით.
როგორ თენდება –
ცა ალუბლის მუსით დასვარეს.
შავი – არც ერთი ხმა არ ისმის,
გვძინავს ან ვკვდებით,
ფრთხილად ჭრიალებს იატაკი –
ჩანს – განაცრისფრდა,
ცისფერი – ტალღა ცხელ ტერფებზე,
დამშვიდდა სუნთქვა,
ქარმაც სამოსში შეინახა მტვრის და ნაცრის ფრთა.
წითელი – ლავა და ასოცი ვოლტი, ვოლტორნებს
ტრომბონებს, ტუბებს
ყველას ერთად უკრავს ორკესტრი,
შენი თითები ჩემს მუცელთან – მწვანე,
ლურჯი კი –
სანამ ოქროსფრად ინათებდა კოცნა მოგვესწრო...
შენ მეკითხები – სჯობს დავბრმავდეთ თუ სჯობს
დავყრუვდეთ
მე გეკითხები სჯობს დავბრმავდეთ თუ სჯობს
დავყრუვდეთ
მპასუხობ: შენი ათასფერი ტბები ამოშრა
გპასუხობ – შენი ათასფერი ყანა გადახმა
და მაშინ მზერაც კოცონივით გადაბრიალდა.
ჩემი ბრალია ეს ბრაილი
შენი ბრალია.